გურჯაანის შემოვლითი გზა გაიხსნა
8 ივლისი 2021საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ბაკურციხე-თელავი-ახმეტის საავტომობილო გზის 15,5 კმ-იან მონაკვეთზე (გურჯაანის შემოვლითი გზა) სამშენებლო სამუშაოები დაასრულა და ავტოტრანსპორტისათვის მოძრაობა დღეიდან გაიხსნება.
გზის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, მსოფლიო ბანკის წარმომადგენელი საქართველოში, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
გურჯაანის შემოვლითი გზა, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბაკურციხე-თელავი-ახმეტის გზას აკავშირებს საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის გზასთან. ახალი გზის საშუალებით, გურჯაანი-ბაკურციხის მიმართულებით მოძრავ ავტოტრანსპორტს, საჭიროების გარეშე, აღარ მოუწევს გავლა ქალაქ გურჯაანში და გურჯაანის მუნიციპალიტეტის 6 სოფელში (ბაკურციხე, კოლაგი, ძირკოკი, ჭანდარი, ვეჯინი და ჩუმლაყი).
ის სატრანსპორტო ნაკადები, რომელიც გადაადგილდებოდა გურჯაანის ტერიტორიაზე, გადაინაცვლებს გურჯაანის შემოვლით გზაზე, რაც უმნიშვნელოვანესია ადგილობრივი მოსახლეობისთვის ეკოლოგიური და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თვალსაზრისით. ახალი გზა ანახევრებს მგზავრობის დროსაც.
გურჯაანის შემოვლითი გზის პროექტი, შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მესამე პროექტის (SLRP III) ფარგლებში, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 38 მილიონი ლარი შეადგინა.
კახეთის რეგიონში, აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით, ბაკურციხე-წნორის შემოვლითი გზის მშენებლობაზეც საერთაშორისო ტენდერი უკვე გამოცხადებულია. პროექტის მიხედვით, აშენდება 16.6 კმ 2-ზოლიანი ასფალტის საფარიანი გზა და 6 ხიდი. ეს მონაკვეთი კახეთის ერთ-ერთი ძირითადი გზის (თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის) ნაწილია, რომელიც მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე გადის და სატრანზიტო მოძრაობის მაღალი ინტენსივობით გამოირჩევა.
ახალი შემოვლითი გზა ალაზნის ველის მხარეს აშენდება და თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხი-აზერბაიჯანის საზღვრის საერთაშორისო გზას არსებულ შიდასახელმწიფოებრივ გზასთან დააკავშირებს. ახალი გზის საშუალებით ავტოტრანსპორტი გვერდს აუვლის მჭიდროდ დასახლებულ წნორსა და მიმდებარე 6 სოფელს (ბაკურციხეს, კარდენახს, ანაგს, ვაქირს, მაშნაარს, საქობოს და წნორის). ამ გზის მშენებლობა სამუშაოების დაწყებიდან 2 წელიწადში დასრულდება.
კახეთის ახალი 85 კმ-იანი ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის ფარგლებში, ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტს ტენდერები უკვე გამოცხადებული აქვს თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთის მშენებლობაზეც. ამ მონაკვეთზე, რომელიც მოძრაობის მაღალი ინტენსივობით გამოირჩევა, 4 ზოლიანი ცემენტო-ბეტონის 35.2 კმ-იანი გზა აშენდება. მაგისტრალის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება, გზის პროექტირების სამუშაოები კი, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ავსტრალიურმა და ამერიკულმა მაღალკვალიფიციურმა კომპანიებმა შეასრულეს.
თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთის ტენდერი სამ ლოტზე გამოცხადდა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული საინჟინრო და ფინანსური ანალიზის საფუძველზე, გზის მშენებლობა ლოტებად იმგვარად დაიყო, რომ მაღალი კონკურენციის უზრუნველყოფასთან ერთად, ადგილობრივ კომპანიებს მისცემოდათ ტენდერში დამოუკიდებლად მონაწილეობის საშუალება.
საწყისი ლოტზე (ვაზიანის შემოვლითი გზა) სამშენებლო სამუშაოების ტენდერი სახელმწიფო შესყიდვის პროცედურით წარიმართება და მასში მონაწილეობას ქართული კომპანიები დამოუკიდებლად შეძლებენ. მომდევნო ორი ლოტის (ვაზიანი-საგარეჯოს და საგარეჯოს შემოვლითი გზის) მასშტაბურობიდან გამომდინარე კი, სამუშაოების შესყიდვისთვის გამოიყენება თავისუფალი საერთაშორისო შესყიდვის, კერძოდ, მსოფლიო ბანკის წესები და მაღალი კონკურენციის პირობებში, შეირჩევა საუკეთესო კომპანია.
ტენდერში გამარჯვებულ სამშენებლო კომპანიასთან გაფორმდება FIDIC-ის ტიპის სამშენებლო კონტრაქტი, თუმცა ქართულ კომპანიებს, ამ ლოტებზეც ექნებათ მონაწილეობის საშუალება ერთობლივი კომპანიების სახით.
თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთზე, მნიშვნელოვნად გაზრდილია სატრანსპორტო ნაკადების ინტენსივობა, არსებული გზა კი მჭიდროდ დასახლებულ სოფლებსა და ქალაქებში (ვაზიანი, სართიჭალა, ნინოწმინდა, საგარეჯო) გადის. ახალი გზის მშენებლობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას და შეამცირებს გადაადგილების დროს. ამასთან, პროექტი ხელს შეუწყობს კახეთის რეგიონში სოფლის მეურნეობის, ტურიზმის განვითარებას და გაზრდის საქართველოზე გამავალი სატრანზიტო დერეფნების კონკურენტუნარიანობას.